ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი გადაცემა „COVID 19“-ში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პრეპარატ პლაქველინთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ პრეპარატით კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობა დროებით შეჩერდა, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასეთი რეკომენდაცია გასცა.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიმცირე სწორედ ამ პრეპარატს უკავშირდება. ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა პლაქველინს არ ჰქონია.
„მცირე პაუზა გვაქვს, აქამდე ყველაზე ხშირად ვიყენებდით პლაქველინს. იმ კვლევისგან განსხვავებით, რომელიც დაიდო რამდენიმე დღის წინ, ლაპარაკი იყო პლაქველინის შესაძლო გვერდით მოვლენებზე, განსაკუთრებით გულის რიტმის ცვლილებებზე. საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა პლაქველინს არ ჰქონია, შედეგები იყო ძალიან წარმატებული, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველოს სადღეისოდ ევროპის ყველა ქვეყანას შორის ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი ავადმყოფების და რაც მთავარია გარდაცვლილების.
საქართველო მონაწილეობს ყველაზე დიდ საერთაშორისო კვლევაში, რომელსაც ჰქვია სოლიდარობა. ამ კვლევას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ატარებს, რომლის მიზანი იყო შეერჩია საუკეთესო მედიკამენტი, ოთხ იმ დროისთვის საუკეთესოდ მიჩნეულ მედიკამენტს შორის. ეს იყო რემდესივერი, პლაქველინი, ლოპინავი რიტონავირი და ლოპინავი რიტონავირი ინტერფერონთან ერთად.
საქართველო ამ კვლევაში მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჟურნალ „ლანცეტში“ დაიდო ცნობები პლაქველინის შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით ამოიღოს ამ კვლევიდან პლაქველინი, სანამ სპეციალური კომისია არ დადებს სპეციალურ დასკვნას, თუ რამდენად შეესაბამება იმ კვლევის შედეგები რეალობას იმიტომ, რომ ის არ იყო რანდომული კვლევა, ის იყო ობსერვაციული კვლევა და ბოლომდე არ არის ცნობილი თუ რამდენად სანდოა ეს მონაცემები. ვინაიდან საქართველო ამ კვლევის მონაწილეა ჩვენ ამ წესებს მივყვებით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.